5 მთავარი შეცდომა პატარა ოთახების მოწყობისას
თეთრი კედლები , პატარა ავეჯი და მუდმივი არეულობის შეგრძნება – მცირე ზომის საცხოვრებლებში ამ პრობლემებს ხშირად ვაწყდებით . სტატიაში გაეცნობით ამ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს .
1 . თეთრი კედლები – დღემდე პოპულარულია აზრი , რომ პატარა ოთახი აუცილებლად ძალიან ღია ფერებში , ხშირ შემთხვევაში კი თეთრად უნდა შევღებოთ . ეს ხრიკი მართლაც ზრდის ვიზუალურად სივრცეს , თუმცა ყველაფერი სტერილურად გამოიყურება და საავადმყოფოს ატმოსფერო იქმნება . ასეთ დროს , შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე კედელი და მოაპირკეთოთ მუქ ფერებში , ან გააფორმოთ ნახატებით . 2019 წლის ტრენდი – მოლდინგები აქაც დაგეხმარებათ , თუ მაინცდამაინც თეთრ ფერს ირჩევთ , მოლდინგების დახმარებით ის უფრო განსაკუთრებული და ლამაზი გახდება .
2 . კარადები – ზედმეტი ნივთებისგან გასათავისუფლებლად კარადები გვჭირდება , მაგრამ პატარა ოთახში თუ მას ცალკე ადგილს მივუჩენთ , ის კიდევ უფრო არეულის შთაბეჭდილებას შექმნის . ამ პრობლემის მოგვარება ჩაშენებული ავეჯით შეიძლება, რომლის ფერიც კედლებს დაემთხვევა და არ იქნება მკვეთრი .
3 . ავეჯი კედლის გასწვრივ – პატარა ოთახის ინტერიერებში ხშირად შეხვდებით კედელთან – ერთ ზოლში დალაგებულ დივანს , მაგიდას , კარადას და ა.შ. ავეჯის განლაგების ასეთი სქემა სულაც არ ზრდის ოთახს ვიზუალურად და არც შუაში დარჩენილი სივრცე ქმნის სიმსუბუქეს . შეგიძლიათ მოაშოროთ ავეჯი კედელს , მხოლოდ დივანი დატოვეთ მასთან , მაგიდა განათავსეთ დივანის წინ , გამოიყენეთ ავეჯი , რომელსაც ფეხები აქვს . ასე უფრო ჰაეროვანი იქნება თქვენი ოთახი .
4 . ცარიელი ფანჯრის რაფები – პატარა სივრცეებში მნიშვნელოვანია ავითვისოთ თითოეული ადგილი . ფანჯრის რაფების არ გამოყენება კი ასეთ დროს არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა . მისი გამოყენება შეგიძლიათ თაროდ , მაგიდად ან ჩამოსაჯდომად .
5 . ზედმეტი ნივთები – რთულია პატარა ოთახში ბევრი ნივთის დამალვა , კარადებში ყველაფრისთვის არ არის ადგილი . ასეთ დროს მნიშვნელოვანია იატაკი გავათავისუფლოთ ბევრი და პატარა დეტალისგან , მინიმალისტური თაროები და უჯრებიანი მაგიდა , საწოლი სათავსოთი და პრობლემაც მოგვარებული იქნება .