დიზაინი

კინემატოგრაფია და ინტერიერის დიზაინი

მეორე ნაწილი

ფილმების, არქიტექტურისა და დიზაინის მოყვარულებს კინემატოგრაფიაში გამოყენებული საინტერესო ინტერიერის ელემენტები არასდროს ეპარებათ . რეჟისორები და პროდაქშენ დიზაინერები ცდილობენ , პერსონაჟების ხასიათი , მათი ცხოვრების სტილი და გმირის შინაგანი სამყარო ვიზუალში , არქიტექტურაში და დიზაინის სხვადასხვა ელემენტებში გამოხატონ . სტატიაში რამდენიმე განსაკუთრებულ ფილმს გაგახსენებთ , რომლებშიც , ვფიქრობ , უკვე ნახსენები ფაქტორები ყველაზე კარგადაა გამოხატული .

დიდებული გეთსბი ( The Great Gatsby , 2013 )

პროდაქშენის დიზაინერმა კატერინ მარტინმა 42 სეტი დაამზადა ჯაზის ეპოქის ფილმში აღსაბეჭდად . გეთსბის სასახლის დიზაინი ადრეული მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის ლონგ აილენდის სახლებითაა შთაგონებული – ოქროსფერი ჭერები , გრანდიოზული კიბე და მაღალჭერიანი გარდერობი , სადაც მთავარი გმირი ასობით აბრეშუმის პერანგს ინახავს . ფილმის ვიზუალური შტაბეჭდილებები თავად სიუჟეტსა და მის იდეაზე უფრო დიდია .

ამელი ( Amelie , 2001 )

ფრანგული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი , ევროპული კინემატოგრაფიისთვის დამახასიათებელი ფერებითა და ესთეტიკით . ფილმში დასამახსოვრებელია ამელის ოთახის დიზაინი – ფერთა გამა , რომელიც დაცულობის , სიმყუდროვის , უსაფრთხოებისა და ოცნების შეგრძნებებსა და ემოციებს აღძრავს . ვისაც ეს ფილმი უნახავს და იცნობს მთავარ გმირს , ისინი მიხვდებიან , რომ ეს ოთახი არის ამელი . ცხოვრების ბავშვური აღქმა – ამელის მაგიდის სანათებითა და ნახატებითაც კი გამოიხატება . ფილმში უამრავი ლამაზი კადრი , სწორედ ინტერიერებისა და საოცარი ფერების დამსახურებაა .

მარტოხელა კაცი ( A Single Man , 2009 )

ამ ფილმში თითოეული დეტალი ლამაზია , თითოეული ჩარჩო . ფილმში დიდი ყურადღება ეთმობა ინტერიერს , მყუდრო ფერებს , თბილ განათებებს , ტერასებსა და ღია ოთახებს .

დანის პირზე მორბენალი ( Blade Runner , 1982 )

ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული ფილმი . ფილმი აუცილებლად მოგანიჭებთ ესთეტიურ სიამოვნებას თავისი ბნელიი ინტერიერებით , ჩამავალი მზის ხედები , რეტროსა და უახლოესი მომავლის გაერთიანება და საოცარი დაკვირვებით შექმნილი  სეტები  – მესოპოტამიური კოლონები მომავლის ქალაქის ხედებით . ფილმში საუკეთესოდაა ნაჩვენები , როგორ შეიძლება ანტიკური და თანამედროვე დეტალების ერთიანობამ შექმნას მყუდრო , საინტერესო და დასამახსოვრებელი ინტერიერი .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ