პატარა სამზარეულო
პატარა სამზარეულო
როგორ გავხადოთ პატარა სამზარეულო მოსახერხებელი
როგორ დავატიოთ აუცილებელი ტექნიკა და ნივთები პატარა სამზარეულოში ისე , რომ ადგილი არ გადაივსოს და კომფორტული იყოს სივრცეში მოძრაობა ? ამ კითხვაზე პასუხს და რამდენიმე რჩევას სტატიაში გაეცნობით .

რა შეიძლება იყოს სამზარეულოს მინიმალური ზომა?
თუ საუბარია ცალკე სამზარეულოს ოთახზე , მისი ზომა სასურველია არ იყოს 8 კვ.მ. – ზე ნაკლები , თუ საერთო სივრცეში გეგმავთ მის მოწყობას – 6 კვ.მ. საკმარისია , ხოლო თუ სამზარეულო ნიშაშია მოთავსებული ეს ციფრი 5 კვ.მ. იქნება . თუმცა როდესაც ადგილში შეზღუდული ხართ , უმჯობესი იქნება ჩარჩოებს გარეთ იფიქროთ და ყურადრება გაამახვილოთ იმაზე , თუ როგორ შეიძლება დაზოგოთ სივრცე და ყველა საჭირო დეტალი ჩაატიოთ მცირე ზომის სამზარეულოში .

რჩევები :
შეარჩიეთ ფუნქციონალური ნივთები
ეს ეხება როგორც ავეჯს , ასევე ტექნიკასაც . მაგალითად , თუ თქვენ პატარა ადგილი გაქვთ , შეიძინეთ ღუმელი მიკროტალღურის ფუნქციით .
ჩაშენებული ტექნიკა

მაგალითისთვის – ჩაშენებული მაცივარი ნაკლებ ადგილს იკავებს , ვიდრე ჩვეულებრივი , იგივე ეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც .
კარგად დაგეგმეთ გარნიტურის ფორმა
საუკეთესო განლაგება სამზარეულოს გარნიტურისთვის უბრალოდ ერთხაზოვანია . საქმე ისაა , რომ L და U – ს ფორმის სამზარეულოს კარადები ნაკლებად ფუნქციონალური და მოსახერხებელია პატარა სივრცეში

კარადები ჭერამდე
მაღალი კარადები საუკეთესო გადაწყვეტილებაა პატარა სამზარეულოსთვის . თქვენ გექნებათ დამატებითი ადგილი ჭურჭლის და სხვა ისეთი ნივთების შესანახად , რომელსაც იშვიათად იყენებთ .

ბარის მაგიდა
თუ თქვენ საერთო სივრცეში ადგილი ვერ გამონახეთ სასადილო მაგიდისთვის , მაშინ ბარის მაგიდა ან კუნძული დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში . ის ნაკლებ ადგილს იკავებს და საკმაოდ კომფორტულია .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ