ფერების მოდური კომბინაციები
თუ მოგბეზრდათ შავისა და თეთრის კომბინაციები ან მონოტონური ბეჟი ინტერიერები , მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა . სტატიაში გაეცნობით ისეთ ფერთა შეხამებებს , რომელზეც , შესაძლოა , აქამდე არ გიფიქრიათ .
1 . ლურჯი და მარჯნისფერი – ამ კომბინაციის გამოყენების ხშირად ეშინიათ , რადგან ცალცალკე თუ შევხედავთ , ორი სრულიად განსხვავებული , თანაც მყვირალა ფერია , თუმცა მათი მიქსი ინტერიერში ეფექტურად და მოდურად გამოიყურება . მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ , რადგან ასეთ მკვეთრ ტონებს შეუძლიათ დაძაბული გარემო შექმნან . თუ გარისკვა არ გინდათ , შეარჩიეთ პასტელური ნაზი მარჯნისფერი და ლურჯი .

2 . გრაფიტისფერი და სტაფილოსფერი – ამ კომბინაციას კლასიკას ნამდვილად ვერ დავარქმევთ , თუმცა ის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება ინტერიერში . მკაცრი ნაცრისფერის ფონზე ფორთოხლისფერი აქცენტები აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას . ფერთა ეს კომბინაცია უხდება სხვადასხვა სტილს . კარგი იქნება თუ ფონად გამოიყენებთ ღია ნეიტრალურ ტონებს , რითაც გრაფიტისფერსა და სტაფილოსფერს უფრო წინ წამოწევთ .

3 . ნაცრისფერი და ყვითელი – ყვითელს შეუძლია ნებისმიერ ინტერიერში შეიტანოს სიცოცხლე . ეს მხიარული ფერი საოცრად აბალანსებს მშვიდ ნაცრისფერ ტონებს . მაგრამ , ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია , ზედმეტი არ მოგივიდეთ . ამ მიქსის შერჩევისას ფონად ხშირ შემთხვევაში თეთრ ფერს ირჩევენ . ასევე თუ მუქი ფერები მოგწონთ , შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი დეტალები , რაც უფრო გაუსვამს ხაზს ყვითელ დეტალებს .





ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ