სკანდინავიური სტილი ინტერიერში
სკანდინავიური სტილი ერთ-ერთი პოპულარული სტილია რამდენიმე წელია , ასეთ ინტერიერებს შეხვდებით მთელს მსოფლიოში – საბერძნეთიდან არგენტინამდე , თუმცა ჩრდილოური კლიმატის მქონე ქვეყნებში უფრო აქტუალურია .
სკანდინავიური სტილის წარმატება ნაციონალური და ინტერნაციონალურის გენიალურმა ნაზავმა განაპირობა . სტილის ესთეტიკა არ მიყვება ფინეთის , ნორვეგიის , შვეიცარიის ან დანიის კულტურასა და ისტორიას , ის განსაკუთრებული კლიმატური ზონითა და გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული .
სკანდინავიურ ინტერიერებში გამოიყენება ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი მასალები – პირველ რიგში კი ხე , ნებისმიერი სახით .
მსოფლიოში გავრცელებულმა ტენდენციებმა ეკოლოგიასთან დაკავშირებით სკანდინავიური სტილის პოპულარობას ხელი შეუწყო , თუმცა ამას უკუეფექტიც მოყვა , რადგან დიზაინერებმა დაიწყეს ინტერიერების კოპირება .
სკანდინავიურ სტილში შეხვდებით ფერების საინტერესო გადაწყვეტას , მრავალფეროვან ფაქტურებს , საინტერესო ელემენტებს – მაგალითად , ხის ტოტს საკიდის ფუნქციით , ან ხის კუნძს საწოლის ტუმბოს ადგილზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე , სკანდინავიური სტილი მთლიანად უარყოფს კლასიკურ ავეჯს როკოკოს ან ბაროკოს სტილში .
თეთრი ფერის კედლები სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია . იგი კრავს ინტერიერს , ერთ მთლიანობად აქცევს და უზრუნველყოფს კარგ განათებას (მზის სხივების არეკლვით ) , რაც ჩრდილოეთის ქვეყნებს ნამდვილად ჭირდება .
სკანდინავიური სტილი დიდი ფანჯრების გარეშე წარმოუდგენელია . სტილი ნეიტრალური ფერებით გამოირჩევა და 2ზე მეტი მკვეთრი ფერის გამოყენება არაა მიზანშეწონილი , ამ შემთხვევაშიც ფერებით მხოლოდ პატარა აქცენტების გაკეთებაა უკეთესი .
ჩრდილოეთის ცივი ამინდების დაბალანსება სკანდინავიურ ინტერიერებში ტექსტილის მრავალფეროვნებით ხდება , ნაქსოვი გადასაფარებლები , სქელი ხალიჩები , ბეწვის ქსოვილები და ნაჭრის პუფები მყუდროებისა და სითბოს შთაბეჭდილებას ქმნიან .
სჯანდინავიური სტილის ერთ-ერთი პლუსი ისაა , რომ მსგავსი ინტერიერის შექმნა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ , თანაც საკმაოდ დაბალი ბიუჯეტით .
რჩევები სკანდინავიური სტილის ინტერიერის მოსაწყობად :
1 . გამოიყენეთ ხის ისეთი ფაქტურა , რომ რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს . მიზანშეწონილია მთელს სახლში ერთნაირი იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენება ( სამზარეულოსა და აბაზანის გარდა ) .
2 . კედლები შეღებეთ თეთრად ან ღია ნაცრისფრად .
3 . გამოიყენეთ თანამედროვე ავეჯი და ვინტაჟური ნივთები .
4 . აუცილებლად შეიტანეთ ინტერიერში სეზონური ნივთები , თუმცა ეცადეთ , მათ მხოლოდ დეკორატიური დატვირთვა არ ჰქონდეთ და გამოიყენოთ რაიმე დანიშნულებით .
5 . ქსოვილების მრავალფეროვნება დაგეხმარებათ ინტერიერში სითბო და მყუდროება შეიტანოთ .
ტექსტი მოამზადა -ლინდა დევაძემ